კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „დარბაზობის“ წევრთა მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და შემოქმედებით გაერთიანებებს, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებს, სრულიად ქართველ ერს.
უძიმესი კრიზისული მდგომარეობა, რომლის მკაცრ ბრჭყალებს აგერ უკვე ოცი წელია მოქცეულია ქართველი ერი, პირდაპირი ხაზით არის დაკავშირებული გლობალიზაციის ეპოქის დადგომასთან, რის გამოც მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში ძალთა გადანაწილების შეცვლასთან ერთად ასევე თვისობრივად შეიცვალა ერთა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ენა.
არა მარტო ქართველი ერი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ნებისმიერი წევრი ეროვნული საზოგადოება დადგა საერთო გლობალურ სივრცეში ასიმილირების უდიდესი საფრთხის წინაშე, რაც ითხოვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაუყოვნებლივ ძალისხმევას.
სწორედ ამის გამო იყო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ რომ განაცხადა 2005 წლის თავის ერთ–ერთ ეპისტოლეში:
„ვფიქრობ, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კვლავ აქტუალურია ცივილიზაციათა დიალოგის ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ხალხებს საშუალებას მისცემს გააერთიანოს ძალები გლობალური თუ ლოკალური საკითხების გადასაჭრელად“. (კარიბჭე 16–29 დეკემბერი, 2005 წელი) რითაც, ფაქტობრივად, მოუწოდა როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე ჩვენს ერში არსებულ შემოქმედებით–ინტელექტუალურ ძალებს თავიანთი პოტენციალის რეალიზება მოეხდინათ ამ მიმართულებით.
ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ მისი უწმინდესობის ამ მოწოდებას არა თუ უკვალოდ არ ჩაუვლია, არამედ დიდი ნაყოფიც გამოიღო – მიუხედავად შემოქმედებითი ღვაწლისათვის შეუსაბამო პირობებისა ქართული კულტურის წიაღში შეიქმნა ცივილიზაციათა დიალოგის ე.წ. ქართულ–იბერიული მოდელი – მოძღვრება ქართულ კულტურაში ობიექტურად არსებული ზოგადსაკაცობრიო საბაზო სულიერ ღირებულებითი სისტემის შესახებ, რომელსაც, ჩვენი, ქვემორე ხელის მომწერთა ღრმა რწმენით, უნარი შესწევს, ერთის მხრივ, მისცეს ქართველ ერს გლობალიზაციის პირობებში თვითგანსაზღვრების საშუალება, ხოლო, მეორეს მხრივ, დადებითაც წაადგეს ცივილიზაციათა ურთიერთობების დარეგულირების საერთაშორისო პროცესს.
საუბარია ბატონი ვასო კუკუნაშვილის სამ ნაშრომზე:
პუბლიცისტური ნაწარმოები „ეროვნული კულტურის კრიტიკა“, ისტორიულ–ფილოსოფიური რომანი „ჯვარ–პატიოსანი“ და სამეცნიერო–პუბლიცისტური ნაშრომი „კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღრვებისათვის“ (სამივე ნაშრომის ნახვა შეგიძლიათ ავტორისავე საიტზე gimg.ge – Georgian-iberian model of the global, ანუ „გლობალიზაციის ქართულ–იბერიული მოდელი“).
ამ ნაშრომებში ჩამოყალიბებულია ეროვნული და სახელმწიფოებრივი, და ეროვნებათა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების სულიერ–ღირებულებითი საფუძვლები ისეთი ფორმით, რომელიც სრულიად გამოხატავს როგორც ქართველი, ისე ნებისმიერი სხვა ერის სულიერ წყობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მიმართვამ და ხსენებული ნაშრომების შექმნამ გასულ 2011 წელს, ფაქტობრივად, სათავე დაუდო მთელ მსოფლიოში გაბნეულ სრულიად ქართველ ერში კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „დარბაზობის“ დაწყებას, რომლის მიზანიც არის ქართველი ერის მიერ თავისი როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობების სულიერ–ღირებულებითი განსაზღვრება.
კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „დარბაზობა“ მთელ მსოფლიოში გაბნეულ ქართველ ერში ვრცელდება სადისკუსიო დარბაზების შექმნის სახით. გარდა თბილისისა უკვე შექმნილია სადისკუსიო დარბაზები საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებში, აგრეთვე, ქართულ ემიგრაციაში – რუსეთის მრავალ ქალაქში, უკრაინაში, ევროპაში.
სტრუქტურულად დარბაზების ქსელი დაყოფილია რეგიონალურ დარბაზებად, რომლებიც არიან შექმნილი შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი დარბაზების წარმომადგენლებისაგან. მაგალითად, საქართველოს რეგიონალური დარბაზი აერთიანებს საქართველოს ადგილობრივ სადისკუსიო დარბაზებს. რუსეთის რეგიონალურ სადისკუსიო დარბაზში შედიან რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებში არსებული ადგილობრივი დარბაზები, ევროპის რეგიონალურ დარბაზში შედიან ევროპის სხვა და სხვა ქალაქთა ადგილობრივი სადისკუსიო დარბაზები, და ასე შემდეგ
თავის მხრივ, რეგიონალური დარბაზები ქმნიან დიდ დარბაზს, რომელიც ასევე წარმომადგენლობითია.
დარბაზების ინსტიტუტის საშუალებით ეროვნული საზოგადოების მიერ რაიმე საკითხის განხილვას ჩვენ ვუწოდებთ დარბაზობას. დარბაზობა არ არის არც პოლიტიკური, არც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აუცილებელია იურიდიულად არსებობდეს. დარბაზობა არის კულტურა, რომლის საშუალებითაც ქართველ ერს იმ ადგილას, სადაც ის არსებობს აქვს უნარი მიუხედავად შექმნილი ვითარებისა იმსჯელოს კოლექტიურად, მიიღოს სათანადო კოლექტიური გადაწყვეტილება და კოლექტიურად განახორციელოს იგი.
დარბაზობის კულტურა არის ქართველი ერის ერთობლივი მოღვაწეობის კულტურა.
ეს, რაც შეეხება ქართველი ერის საზოგადოებრივი ურთიერთობების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწესრიგების შიდაეროვნულ პრობლემას.
საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს ნაშრომები შესაძლებლობას აძლევს ქართულ საზოგადოებას შეიტანოს თავისი განუმეორებელი წვლილი საერთაშორისო ურთიერთობების დარეგულირების დიდად საშურ საქმეში, რაც, ერთის მხრივ, მოემსახურებოდა საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი ერის როლის ამაღლებას, ხოლო, მეორეს მხრივ, თავად მისცემდა ქართველ ერს თავისი თავის განსაზღვრებისა და ახალ გლობალიზაციის ეპოქაში წარმატებული თვითდმაკვიდრების საშუალებას.
საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში ადგილობრივი დარბაზების ქსელის არსებობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს შესაძლებლობას აძლევს თითოეულ დარბაზს შევიდეს ურთიერთობაში იმ საზოგადოების ინტელექტუალურ ნაწილთან, რომელშიც უწევს მას ცხოვრება და მოღვაწეობა.
ჩვენ ამ მხრივ განსახორციელებლად ვამზადებთ ორ პროექტს – ინგლისურენოვან სამყაროში და რუსულენოვან სამყაროში.
უკვე გაწეულია სამუშაო რუსულენოვან სამყაროში ცივილიზაციათა დიალოგის ახალი მოდელის შესახებ მსჯელობის ინიცირებისათვის, რის მიზნითაც თარგმნილია ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ქართული მხარის მხრიდან ამ შეთავაზების გაკეთების შესაძლებლობას მოიცემოდა.
რუსულენოვანი პროექტის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დამთავრებულია. ამ პროექტის განხორციელება გულისხმობს ცივილიზაციათა დიალოგის მოდელის შესახებ მსჯელობის ფორმატის შექმნას, რომელშიც რუსი ერის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ ჩვენი მეზობლები აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, ბელორუსები, მოლდოველები, და აგრეთვე, ყველა ეროვნებები, რომლებიც კი ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
ვფიქრობთ, გამომდინარე რუსეთის როლიდან ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში მით უმეტეს ამგვარად გართულებული ურთიერთობების ფონზე ღირებულებათა სიბრტყეზე ურთიერთობის ამგვარ ფორმატს ნამდვილად სასიკეთო ბერკეტის შექმნა შეუძლია ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენს ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ კულტურის წარმომადგენლები რუსეთში.
აქვე ვიტყვით, რომ ღირებულებითი განსაზღვრების სიბრტყეში დევს ქართველ, აფხაზ და ოს ერთა მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გასაღებიც, რაც ითხოვს ამ მხრივ საკითხის განვითარებას.
მივმართავთ ქართველი ერის ნებისმიერ წარმომადგენელს, შემოუერთდით კულტურულ–საგანმანათლებლო მოძრაობა „დარბაზობას“, მიბრძანდით იმ დარბაზებში, რომლებიც არსებობენ თქვენს რეგიონში, (თუ არ არსებობენ ასეთები, შექმენით). განა საეჭვოა ის საკითხი, რომ მხოლოდ და მხოლოდ დარბაზობის კულტურის აღორძინებით შევძლებთ ჩვენ, ქართველი ერი ჩვენივე თავის ერთობლივ მოვლასა და პატრონობას.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საიტის რედაქციას gimg.ge.
P.S. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, არანაირი ღირსეული პატრონობა ერის მიერ თავისი თავისა არ იქნება, თუ არ იქნება თქვენი ლოცვა–კურთხევა და ჩვენი დედა–ეკლესიის მფარველობა. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, მოგვისმინოთ, დაგვმოძვროთ და გაგვიძღვეთჩვენ, თქვენი სამწყსო იმ საცალფეხო გზა–სავალზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ტაძართან.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!
ეროვნული პროექტების განხილვა
|
სამეცნიერო განყოფილება
ვაჟა შუბითიძე
სახელმწიფოებრივი აზროვნება და საკადრო პოლიტიკა
ინტელექტუალური ჰერმეტულობა ანუ ახალი ადამი(ანი)
|
|
ბიოგრაფიები
|
|
ახალგაზრდული განყოფილება
|
|
კრიტიკის განყოფილება
კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის
|